შიშის ველი -
ნაწილი პირველი -
ბირლსთოუნის ტრაგედია -
თავი 1 -
გაფრთხილება - ვფიქრობ, - ვთქვი მე.
- კარგია, რომ ფიქრობთ, - მოუთმენლად შემაწყვეტინა ჰოლმსმა.
დარწმუნებული ვარ, ჩემზე მომთმენ ადამიანს ძნელად თუ შეხვდებით ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის, მაგრამ უნდა ვაღიარო, ჰოლმსის ნათქვამმა გამაღიზიანა.
- უნდა გითხრათ, ჰოლმს, - მკაცრად ვთქვი მე, - ზოგჯერ ნამდვილად აუტანელი ხართ.
ფიქრებში ისე იყო წასული, რომ ჩემი პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. საუზმეს არ მიჰკარებია. ხელში ეჭირა კონვერტიდან იმწუთას ამოღებული ქაღალდის ფურცელი, რომელსაც ყურადღებით აკვირდებოდა. მერე კონვერტის შესწავლას შეუდგა. სინათლისკენ დაიჭირა და გულდასმით დაათვალიერა.
- პორლოკის ხელია, - თქვა დაფიქრებულმა. - მისი ნაწერი აქამდე მხოლოდ ორჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ პორლოკისაა. აი, ეს ბერძნული ე კარგად გამოკვეთილი ხვეულით თავზე. მაგრამ თუ ეს მართლაც პორლოკია, საქმე უკიდურესად სერიოზულადაა.
უფრო საკუთარ თავს მიმართავდა, ვიდრე მე. ჩემი წყენა მისი სიტყვებით გამოწვეულმა ინტერესმა გადაფარა.
- და ვინ არის ეს პორლოკი? - ვკითხე.
- პორლოკი, უოტსონ, ფსევდონიმია, რაღაც სამარკო ნიშნის მსგავსი, მაგრამ მის უკან ცბიერი და მოუხელთებელი ადამიანი იმალება. წინა წერილში თვითონ მწერდა, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის და მთავაზობდა, უზარმაზარი ქალაქის მილიონობით მცხოვრებს შორის მომეძებნა. პორლოკი თვითონ არაფერს წარმოადგენს, ის დაკავშირებულია ერთ დიდ ადამიანთან. წარმოიდგინეთ თევზი ლოცმანი, რომელიც ზვიგენს მისდევს, ან ლომს აკიდებული ტურა, ნებისმიერი არარაობა საშიში ადამიანის, უბრალოდ საშიში კი არა, მრისხანე, უკიდურესად მრისხანე ადამიანის, გვერდით. სწორედ ამიტომ დაიმსახურა მან ჩემი ინტერესი. ალბათ პროფესორ მორიარტის შესახებ გსმენიათ ჩემგან.
- ცნობილი მეცნიერი და კრიმინალი, რომელსაც კარგად იცნობენ ქურდები, მაგრამ...
- ახლაც კი ვწითლდები, რომ მახსენდება. - ჩაილაპარაკა ჰოლმსმა უხერხულად.
- იმის თქმას ვაპირებდი, რომ საზოგადოება არ იცნობს.
- კავშირი! აშკარა კავშირი! - წამოიძახა ჰოლმსმა. - ზოგჯერ მწარე იუმორისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებთ, უოტსონ. ალბათ მომიწევს, მისგან თავის დაცვა ვისწავლო, მაგრამ როდესაც მორიარტის კრიმინალი უწოდეთ, კანონის თვალსაზრისით, თვითონ ჩაიდინეთ დანაშაული. სწორედ ამით არის ეს ადამიანი ბრწყინვალე და გასაოცარი. ყველა დროის ყველაზე დიდი დამნაშავე, ყველა ბოროტების ორგანიზატორი, ბნელი სამყაროს მაკონტროლებელი გონების მფლობელი, გონებისა, რომელსაც მთელი ერების ბედის შეცვლა და მათი დაღუპვა ძალუძს - აი, ვინ არის ეს ადამიანი. მაგრამ ყველანაირ ეჭვზე იმდენად მაღლა დგას, იმდენად დახვეწილია მისი ორგანიზაციული უნარი, იმდენად ყოველთვის ჩრდილშია, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვებისთვის სასამართლოში გიჩივლებდათ და შელახული ღირსების სანაცვლოდ სამუდამო პენსიას დაგაკისრებდათ. სწორედ ის არის „ასტეროიდების დინამიკის ავტორი“, წიგნისა, რომელშიც უმაღლესი მათემატიკის ისეთი მწვერვალებია, რომ, როგორც ამბობენ, სამეცნიერო პრესაში არ მოიძებნა ადამიანი, ვინც მასზე კრიტიკული სტატიის დაწერას შეძლებდა. თქვენ ფიქრობთ, ამ ადამიანის მიმართ ცილისწამება შეგრჩებათ. ჭორიკანა ექიმისა და ცილისმწამებელი პროფესორის როლში აღმოჩნდებით. ის გენიოსია, უოტსონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი დროც დადგება.
- ნეტავ, იმ დღეს მომასწრო, - შევძახე მე, - მაგრამ თქვენ ვიღაც პორლოკზე საუბრობდით.
- ოჰ, დიახ, ვინმე პორლოკი. ის მხოლოდ ამ ადამიანის მიერ შექმნილი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, რომელიც შემქმნელთან საკმაოდ ახლოსაა და თან, რამდენადაც მივხვდი, არც მთლად საიმედო. როგორც დავადგინე, ეს რგოლი ადვილი გასაწყვეტია.
- ჯაჭვი ძლიერი ვერ იქნება, თუ მასში ერთი რგოლი მაინც გაწყვეტაზეა.
- მართალი ბრძანდებით, ძვირფასო უოტსონ. სწორედ ამიტომ არის პორლოკი ასე მნიშვნელოვანი. მას შემდეგ, რაც წესიერებისკენ მოვუწოდე და ეს მოწოდება ათფუნტიანი კუპიურებით გავამყარე, რომლებიც სხვადასხვა შემოვლითი გზით გავუგზავნე, ერთი-ორჯერ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. ინფორმაცია, რომელიც ძალიან ღირებული აღმოჩნდა, იმდენად ღირებული, რომ დანაშაულის პრევენცია შევძელი და არა მისი გამოძიება. არც ახლა მეპარება ეჭვი, თუ ეს წერილი გავშიფრეთ, ისიც იმავე შინაარსის იქნება.
ჰოლმსმა ფურცელი ხელუხლებელი საუზმის თეფშის თავზე აიქნია. წამოვდექი, მისკენ დავიხარე და ფურცელზე დაწერილ შემდეგ უცნაურ ციფრებს დავაცქერდი:
534 C 2 13 127 36 31 4 17 21 41
DOUGLAS 109 293 5 37 BIRLSTONE
26 BIRLSTONE 9 47 171
- როგორ ფიქრობთ, ჰოლმს, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
- აშკარად რაღაც საიდუმლო ინფორმაციის დაფარვის მცდელობაა.
- მაგრამ დაშიფრული ინფორმაციის შიფრის გასაღების გარეშე გამოგზავნას რა აზრი აქვს?
- ამ შემთხვევაში არანაირი.
- ამ შემთხვევაში? რას გულისხმობთ?
- არსებობს უამრავი შიფრი, რომელთაც ისევე ადვილად ვკითხულობ, როგორც განცხადებებს გაზეთში. ასეთი მარტივი სავარჯიშოები გონებას კი არ